თავდასხმა ლაშა თორდიაზე

პროკურორები ლაშა თორდიას კლინიკაში კითხავენ

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას ექიმის ნებართვის საფუძველზე კითხავენ. პროკურორები, ერთ საათზე მეტია, კლინიკაში იმყოფებიან. 

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები არ პასუხობენ კითხვას, დაკითხეს თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ან თავდასხმის დროს, თორდიას თანმხლები პირები.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ყველაფერს ეტაპობრივად შეიტყობთ, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ" - ამბობს პროკურორი.

კითხვაზე, შესაძლოა, საქმე გადაკვალიფიცირდეს? საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი პასუხობს, რომ "ჯერჯერობით, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგების მიხედვით მოგახსენებთ ყველაფერს დეტალურად".

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს პარასკევს ღამით, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში დაესხნენ. თორდიას თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანხმლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. ლაშა თორდიას განცხადებით, მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის დაპირისპირება მოჰყვა იმ დოკუმენტებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი კვლევას აწარმოებს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. NGO-ების შეფასებით, "კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა".

ლაშა თორდიას ცოლის მაია ირემაშვილის ინფორმაციით, პროკურატურას არ დაუკითხავს არც ერთი პირი, ვინც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ღამის კლუბში ახლდა. 

"ლაშას ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საღამოს შემდეგ აღარ გაუარესებულა და სტაბილურია. ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ არის და ალბათ, რამდენიმე საათში გვეტყვიან, როდის გაწერენ, ტვინის შერყევა აქვს და დაზიანებები სახესა და ტანზე, რა ინფორმაციაც მაქვს, მისი არც ერთი მეგობარი არ დაუკითხავთ" - ამბობს მაია ირემაშვილი.

აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაციები. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, "ესეც შეგვიძლია განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან".

კომენტარები