თავდასხმა ლაშა თორდიაზე

კობახიძე თორდიას საქმეზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სათანადო გამოძიებისთვის

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმის "სათანადოდ" გამოსაძიებლად. მისი შეფასებით, ლაშა თორდიაზე თავდასხმა ძალიან მძიმე ფაქტია.

"რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, თუნდაც კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში დაესხნენ. ამ ეტაპზე ის საავადმყოფოში იმყოფება. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანხმლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. ლაშა თორდიას განცხადებით, მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის დაპირისპირება მოჰყვა იმ დოკუმენტებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი კვლევას აწარმოებს. 

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო".

კომენტარები