საარჩევნო სისტემა

მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია

მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტებმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს.

"ჩემი დამოკიდებულება გუნდის ერთიან გადაწყვეტილებასთან არ იქნება წინააღმდეგობრივი, მაგრამ, შევეცდები, ჩემს გუნდში გავამყარო ის აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს მაშინ, როცა თვითთმართველობები იქნება ძლიერი და არ დასჭირდება მაჟორიტარის ჩარევა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატ კახა ოქრიაშვილის თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ქართულ ოცნებაში ბევრი წინააღმდეგი ჰყავს.

"საკონსტიტუციო კომისიამ მხარი დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას. კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ ეს არის პროექტი, რომლის ინიცირებაც მოხდება ჯერ საჯარო განხილვების ფორმატში, ხოლო შემდეგ, ეს დოკუმენტი დაბრუნდება პარლამენტში და განიხილება სამი მოსმენით. ეს ნიშნავს იმას, რომ დეპუტატებს ექნებათ შესალებლობა თავისი პოზიციები და არგუმენტები წარადგინონ. შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული ცვლილებები ახლანდელ პროექტში შევიდეს", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტით, პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ამასთან, ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები