რუსეთი-აშშ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვშია, ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა

CNN

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში იმყოფება. რექს ტილერსონი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის დედაქალაქში 11 აპრილს ჩავიდა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ტილერსონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უნდა შეხვედროდა, თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოსკოვში პრეზიდენტი პუტინიც შეხვდა. 

ეს ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც სირიაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის საპასუხოდაც აშშ-მ სირიული ავიაბაზა დაბომბა. 

შეხვედრასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით პრესკონფერენცია არ გამართულა, თუმცა, რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადების თანახმად, მხარეებს სირიაში არსებული ვითარება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და სამხრეთ კორეაში მიმდინარე მოვლენები უნდა განეხილათ. 

ტილერსონის ვიზიტი რუსეთში G7-ის სამიტის შემდეგ გამართა. სამიტი იტალიაში 9-11 სექტემბერს გაიმართა. დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდა.

სანქციების დაწესების ინიციატივა დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვა და ამის მიზეზად, ასადის რეჟიმის მიერ სირიის ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენება დაასახელა.

სანქციების დაწესების საკითხს G7-ის ქვეყნების ლიდერები გამოძიების დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

დიდი შვიდეულების წევრები შეთანხმდნენ, რომ სირიის კონფლიქტი ვერ მოგვარდება თუ ხელისუფლებაში კვლავ ბაშარ ალ ასადი იქნება. 

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი შეთანხმდნენ, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებებს ერთად გამართავენ. ისინი ეცდებიან პუტინი დაარწმუნონ, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

აღსანიშნავია, რომ ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში რუსეთს პირველად ეწვია.

კომენტარები