ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

პრეზიდენტი: ე.წ არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

facebook.com/PresidentMargvelashvili

„ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. “ - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ არჩვენებსა და ე.წ რეფერენდუმს აფასებს. მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე პოზიციის დააფიქსირებისკენ მოუწოდებს. 

„ ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ. ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგნეს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ. “ყირიმის პრეცედენტის” დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქრთველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი.“ - წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია დაერქვას?"

რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

 

კომენტარები