გიორგი მამალაძის საქმე

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო, დეკანოზი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დაკავებული დეკანოზის ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა. 

„4 აპრილის დილიდან, მამა გიორგიმ საკვების მიღებაზე უარი თქვა. მისი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა მოხდეს პატრიარქთან და წმიდა სინოდის წევრებთან. ამ შიმშილობის თაობაზე ოფიციალურად არის დაფიქსირებული შეტყობინება, დღეს რომ ვინახულე მამა გიორგი, დაწესებულების ხელმძღვანელმა დამახვედრა და გადმომცა, სადაც მითითებულია, რომ მან გამოაცხადა ოფიციალურად შიმშილობა. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, მას აქვს რაღაც სათქმელი პატრიარქისთვის და სინოდის წევრებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს პროკურატურას უკვე მეორედ მიმართეს. ისინი მოითხოვენ, რომ საქმეში მხარეთა უფლებები თანაბრად იყოს დაცული და გაუთქმელობის ხელწერილი გაუქმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკანოზის დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობას და ამ მიზნით ციანიდის შეძენას ედავებიან.

კომენტარები