ნარკოპოლიტიკა

კახიძე: კლუბური ნარკოტიკის მოხმარება თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს

parliament.ge

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა გავრცელდეს კლუბური ნარკოტიკის მოხმარებაზე - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის აკრძალული იყოს თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. პარლამენტში შემოტანილია შესაბამისი ინიციატივა, რომელიც ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება, რასაც მივესალმებით.

მიგვაჩნია, რომ ანალოგიური მიდგომა, თავისუფლების აღკვეთის როგორც სასჯელის აკრძალვა უნდა გავრცელდეს აგრეთვე კლუბურ ნარკოტიკებზე და მათ მოხმარებაზე. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია. პრაქტიკულად, დრაკონური სისხლისამართლის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს, მაგალითად გაუპატიურებისთვის 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ყაჩაღობისთვის 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ამბოხება და შეთქმულება კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამ პირობებში, კლუბური ნარკოტიკის ქონისთვის ახალგაზრდებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. ეს მიდგომა არის გადასახედი", - ამბობს დეპუტატი.

კახიძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას და ევროპულ საქართველოს პარლამენტში შეაქვს ინიციატივა, რომ ნარკოტიკების მოხმარებელთა მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტალურად შეიცვალოს.

"აქ არ იგულისხმება რა თქმა უნდა გასაღების მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში და პატიმრობა, როგორც თავისუფლების აღკვეთა არ იყოს გამოყენებული სასჯელად", - თქვა ოთარ კახიძემ.

სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის და სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არ მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ცალკეული დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, არ გამოიწვევს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. თუმცა, დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ბრალდებულს, შესაძლოა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

კომენტარები