ნარკოპოლიტიკა

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

Getty Images

სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის და სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არ მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ცალკეული დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, არ გამოიწვევს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. თუმცა, დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ბრალდებულს, შესაძლოა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ცვლილების მიზანი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა, თუმცა, მარიხუანის დეკრიმინალიზება არ ხდება და არც სხვა ნარკოტიკების მიმართ მსუბუქდება კანონმდებლობა.

ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებაა საქმეზე "ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

დამატებით, კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებაზე - მცენარე კანაფი, მარიხუანა - არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მოქმედება და მისი მოწესრიგება მოხდება 2731 მუხლით.

სასჯელი, რომელსაც საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს:

2731-ე მუხლის მიხედვით, მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლდარღვევის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე ვადით.

მცენარე კანაფის, მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორას ოციდან სამას საათამდე ვადით.

დიდი ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა - ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით სამასიდან ოთხას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, ხოლო ეს ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ხუთას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი სანქცია - თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო თუკი ასეთი დანაშაული ჩადენილია წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – პასუხისმგებლობა იქნება თავისუფლების აღკვეთა, სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით მცენარე კანაფის, მარიხუანის უკანონო გასაღება გამოიწვევს სამიდან რვა წლამდე პატიმრობას. ამასთან, აღნიშნული დანაშაული, ჩადენილი: - დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი: - განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე ვადით

სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი ნორმით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5-წლამდე. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, პატიმრობა 160-დან 220-საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით იცვლება.

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, სადღეისოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7-წლამდე. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისიწინებულია ჯარიმა, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400-დან 500-საათამდე ვადით ან პატიმრობის შეფარდება 3-წლამდე ვადით.

---

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომელშიც სფეროში მომუშავე 40-ზე მეტი მოძრაობა და ორგანიზაცია, მათ შორის თეთრი ხმაურის მოძრაობა, 2 ივნისის მოძრაობა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი, ნარკოლოგები, ადიქტოლოგები, უფლებადაცვითი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გაწევრიანებული, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად ასრულებს მუშაობას ნარკოპოლიტიკის ახალ სტრატეგიასა და კანონმდებლობის პროექტზე, რომელიც ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დროში წარედგინება.

კომენტარები