შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია". შსს გამოეხმაურა ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან 9 თანამშრომელი დაითხოვეს.
"აღნიშნული ინფორმაცია სრული სიცრუეა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არ ფიქსირდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც აღნიშნულ პირთან რაიმე სახით შემხებლობა ექნებოდა.
ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.
აქვე განვმარტავთ, რომ პოლიციის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში, ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საკადრო გადაადგილებები პერიოდულად ხორციელდება.
ამასთან, შევნიშნავთ, რომ არც ერთ პირს, ვინც თითქოსდა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიით კომენტარს აკეთებს, არანაირი შეხება არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება" - აცხადებს შსს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა 18 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში ერევა. მისი მტკიცებით, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბერა ივანიშვილის ჩარევით პოლიციის ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლა. წიკლაურის თქმით, შემთხვევა 4 თებერვალს, შარდენზე, კლუბ ელცენტროში მოხდა, სადაც ჩხუბის დროს, პოლიციამ კლუბის დაცვის წევრი დააკავა. ენმ-ის წევრის მტკიცებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პოლიციელებს დაკავებულის გათავისუფლება სთხოვეს და უთხრეს, რომ "ეს იყო ბერა ივანიშვილის პირდაპირი ინტერესი". ნუგზარ წიკლაურის თქმით, "იმის გამო, რომ არ შესრულდა ივანიშვილის ოჯახის წევრის, ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა დაკავებული პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა 9 კანონმორჩილი პოლიციელი".