ოკუპირებული ტერიტორიები

მოძრაობა თავისუფლებისთვის: ქართული ოცნება აგრძელებს დამღუპველ საგარეო პოლიტიკას

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამხედრო სივრცეში ფორმალური ინტეგრირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეცვლილა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წინადადებას ხელი 14 მარტს მოაწერა.

"ამასთან ერთად, გამოვხატავთ შეშფოთებას ამ სახიფათო ნაბიჯების შესაჩერებლად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯების და ზოგადად უმაღლეს დონეზე მთავრობის პასიურობის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველოს პრემიერმინისტრს არ განუხორციელებია ვიზიტი არცერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში, არ დაურეკავს არცერთ მსოფლიო ლიდერთან. ამგვარი პასიურობა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საპირისპიროა და ხელს აძლევს მხოლოდ ოკუპანტს.

ქართული ოცნება აგრძელებს დამღუპველ საგარეო პოლიტიკას და დაჟინებით ცდილობს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს, არ შეუქმნას დისკომფორტი. ამის შედეგია სწორედ ის, რომ როცა მსოფლიო ლიდერები საუბრობენ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე, ისინი თითქმის აღარ ახსენებენ საქართველოს", - აცხადებს მოძრაობა თავისუფლებისთვის.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საბრძოლო დანაყოფები რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ოფიციალურად მას შემდეგ შევა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო უწყების ხელმძღვანელები შესაბამის დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

კომენტარები