აქცია ბათუმში

მარგველაშვილი: აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება

facebook.com/PresidentMargvelashvili

გუშინ ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების ესკალაცია. 

"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერ მინისტრთან და შსს მინისტრთან. მიგვაჩნია რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა. გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ. მოვუწოდებ ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას." - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს გუშინ აქცია მოჰყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების  გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა. პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. პოლიციამ გაზი მას შემდეგ გაუშვა, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 12 საათიანი არეულობის შემდეგ ბათუმში სიტუაცია გამთენიისას დასტაბილურდა.

კომენტარები