რუსთავი 2-ის საქმე

მთავრობა: ყველაფერს ვაკეთებთ პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ "საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად".

"საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად.

ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ", - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა".

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები