პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ოპოზიციის პოზიციებს გააძლიერებს და ასეთი პროპორციული სისტემაა. თუმცა, კობახიძე ცვლილებაზე მუშაობის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით არაფერს ამბობს.
"ჩვენ გვესახება ასეთი სისტემა - ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს პარლამენტის სიძლიერეს - საარჩევნო სისტემა. დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს და ოპოზიცია შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისუბურება. საბოლოოდ, საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები. ამის მთავარი ინსტრუმენტი არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ის, თუ როგორ გვესახება პროპორციული სისტემა, ბუნებრივია, ამ სისტემას აქვს თავისი თავისებურებები - დაწყებული საარჩევნო ბარიერით, დასრულებული სხვა საკითხებით. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და შეგვიძლია, დეტალურად ვისაუბროთ", - თქვა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა და საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ განმარტა, რა პროექტზეა საუბარი.
"შემოთავაზებულია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და 150-ვე დეპუტატის არჩევა პროპორციული წესით. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შემოთავაზებაა. აქ არის, უბრალოდ, ბარიერის საკითხი, ძირითად პროექტში 5%-ია ბარიერი, ვფიქრობ, უნდა ვიმსჯელოთ ამ ბარიერის შემცირებაზე იმისათვის, რომ არ მივიღოთ დღევანდელი რეალობა, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის დაახლოებით 20% პარლამენტში წარმომადგენლის გარეშეა", - თქვა მენაბდემ.





