უვიზო მიმოსვლა

პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე: ეს არის ჩვენი დიდი წარმატება

facebook.com/KvirikashviliOfficial

"პრაქტიკულად, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეეებს. ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება და მე მინდა ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო", - პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციაზე ხელმოწერა შეაფასა. მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.

"ეს არის დიდი შრომის შედეგი. მათ შორის, ჩემი წინამორბედი პრემიერმინისტრის დროს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის დროს, შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს დაიწყო 2012 წელს, 2012 წელს მივიღეთ ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, როდესაც პრემიერი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ეს არის ჩვენი დიდი წარმატება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არის კიდევ მთელი ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სიცოცხლე შესწირეს და მართლაც და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ თანმიმდევრულობას, თავდადებულ შრომას ყოველთვის მოაქვს ძალიან დიდი შედეგი. ამიტომ ეს შედეგი ნამდვილად მთელ საქართველოს ეკუთვნის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციასა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს ხელი გუშინ მოაწერეს.

ცვლილება ევროკავშირის საკანონმდებლო ჟურნალში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

შემდეგ კი, ჟურნალში გამოქვეყნებიდან ოც დღეში, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

კომენტარები