გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძე დღეს უნდა დაიკითხოს. პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ მატროსოვის ციხეში უკვე მივიდნენ. დაცვის მხარის მტკიცებით, სიმართლე პროკურატურის ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება. 

"ის აპირებს ისეთი ჩვენება მისცეს, რომელიც აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს პროკურატურის მხრიდან წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობას და არსებობას საერთოდ. ეს იქნება ყველასთვის ნათელი სურათი, თუ რამდენად უდანაშაულოა მამა გიორგი", - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა ციხეში შესვლამდე თქვა, რომ დაცვის მხარეს თავად შეეძლო დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა. მისივე თქმით, პროკურატურამ დეკანოზს არაერთხელ შესთავაზა, რომ ჩვენება მიეცა, თუმცა მან უარი განაცხადა.

"ბრალდებულის დაკავების დღიდან არა ერთხელ შევთავაზეთ მას მოეცა ჩვენება და ყველა ჯერზე გვითხრა უარი. იმედია, დღეს მაინც გასცემს პასუხს დასმულ შეკითხვებს. ადვოკატების მხრიდან ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას რაიმე ზეწოლა მოხდებოდა მასზე, არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან, რადგან, როგორც ჩანს, ეს არის მათი ჩვეული ფორმა უკვე საქმიანობის.

ადვოკატისთვის თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული, როგორც დაცვის მხარეს. არავინ უკრძალავდა ამის გაკეთებას და წარმოედგინა გამოძიებისთვის. ეს არის უბრალოდ სპეკულაცია მათი მხრიდან, ვინაიდან მასმედიით სიცრუის ტირაჟირების გარდა, სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ", - თქვა პროკურატურის წარმომადგენენლმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. უკვე ერთი კვირაა, მამა გიორგის ადვოკატები ამბობენ, რომ დეკანოზი მზადაა, დუმილის უფლება დაარღვიოს და გამოძიებას ჩვენება მისცეს, თუმცა, პროკურატურა დაკითხვას აჭიანურებს. საგამოძიებო უწყება კი, ადვოკატების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დაკავებულს დაკითხვა ხუთჯერ შესთავაზეს.

კომენტარები