საბანკო ზედამხედველობა

გახარია: საბანკო ზედამხედველობის მეგარეგულატორის შექმნა, ამ ეტაპზე არ იყო სწორი

facebook.com/pg/economypr

მთავრობა ქვეყანაში საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ზუსტად იმავე მოდელის დაბრუნებას გეგმავს, რაც 2015 წლამდე, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გატანამდე არსებობდა. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ წარსულში გადადგმული ეს ნაბიჯი, რომლითაც სებ-იდან საბანკო ზედამხედველობის სამსახური გავიდა, დღევანდელი გადმოსახედიდან სწორი არ იყო.

"დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე და იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა აქვს ყოველ გახარჯულ ლარს, ვთვლი, რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა, ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო სწორი. მისი ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა აბსოლუტურად მისაღებია და ალბათ, კარგიც არის, თუმცა შინაარსობრივ ნაწილს ეს არ ცვლის", - ამბობს გიორგი გახარია.

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, საფინანსო ზედამხედველობაში, ფორმაზე მეტად, მის გამართულ მუშაობასა და შინაარსს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. 

"ეს რეგულაცია შეიძლება იყო როგორც ბანკის გარეთ, ასევე მის შიგნით, მის ხასიათზე ეს არ აისახება. მთავარია, ის იყოს ობიექტურად ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ საბანკო სისტემაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს 2015 წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილები გაუგზავნეს
 

გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო 3 სექტემბერს დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია, შესაძლოა სასამართლოს ვერდიქტის დროისთვის გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები აღარც არსებობდეს. 

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანას ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 

როგორც ცნობილია, სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის გატანა მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

კომენტარები