საბანკო ზედამხედველობა

კახიანი საბანკო ზედამხედველობაზე: იმ მოცემულობაში ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო

ტაბულა

მთავრობა ქვეყანაში საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ზუსტად იმავე მოდელის დაბრუნებას გეგმავს, რაც 2015 წლამდე, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გატანამდე არსებობდა. პარლამენტს კენჭის საყრელად უკვე გაეგზავნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ახლა მხარი უნდა დაუჭირონ იმ კანონის აღდგენას, რის გაუქმებასაც ორი წლის წინ მხარი თავად დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის თქმით, "წარსულში არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო."

"ის რომ მაშინ პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ იმ მოცემულობაში ეს იყო სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს გიორგი კახიანი. 

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს 2015 წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილები გაუგზავნეს. 

გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო 3 სექტემბერს დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია, შესაძლოა, სასამართლოს ვერდიქტის დროისთვის გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები აღარც არსებობდეს. 

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანას ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 

როგორც ცნობილია, სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის გატანა მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

კომენტარები