საბანკო ზედამხედველობა

ვოლსკი საბანკო ზედამხედველობაზე: სებ-ის პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადებები ჰქონდა

ტაბულა

მთავრობა ქვეყანაში საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ზუსტად იმავე მოდელის დაბრუნებას გეგმავს, რაც 2015 წლამდე, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გატანამდე არსებობდა. პარლამენტს კენჭის საყრელად უკვე გაეგზავნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ახლა მხარი უნდა დაუჭირონ იმ კანონის აღდგენას, რის გაუქმებასაც ორი წლის წინ მხარი თავად დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის თქმით, წარსულში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "საკმაოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა", საბანკო ზედამხედველობის სისტემის შეცვლამ კი " ცივი წყალი გადაავლო პოლიტიკური ასპექტით გაცხელებულ თემას".

"საკმაოდ მძიმე ვითარება იყო ქვეყანაში შექმნილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც საკმაოდ პოლიტიკური ორიენტაციის განცახდებებს აკეთებდა და მე ვფიქრობ, გარკვეულწილად სწორედ პოლიტიკური საფუძვლით იყო განპირობებული თავად საკონსტიტუციო სასამართლოს და გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილებაც ამ თემაზე. გარდა ამისა თავად ბანკებსაც სეროზული პრობლემა ჰქონდათ, ამ პერიოდში დაიწყო ვალუტის რყევა, იყო საფუძველი, რომ აი ამ ტალღაზე აეგორებინა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. გარდა ამისა იმავე პერიოდში მეცნიერთა სერიოზული ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა, რომ ამ უკონტროლობამ შეიძლება ხელი შეუწყოს, არა თუ არამართლზომიერ, არამედ განზრახ რყევებს სავალუტო ბაზარზე. ამასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს, დღემდე რომ ვიკამათოთ მართალს შეიძლება ვერ მივაგნოთ, მაგრამ იმ პერიოდში ამ განზრახვამ მართლაც ცივი წყალი გადაავლო პოლიტიკური ასპექტით გაცხელებულ თემას", - ამბობს ვოლსკი.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს 2015 წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილები გაუგზავნეს. 

გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო 3 სექტემბერს დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია, შესაძლოა, სასამართლოს ვერდიქტის დროისთვის გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები აღარც არსებობდეს. 

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანას ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 

როგორც ცნობილია, სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის გატანა მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

კომენტარები