საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ჯეჯელავას მესამე ვიცეპრემიერად ვნიშნავ, მას ბევრი ინიციატივა აქვს

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცეპრემიერად წარადგინა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, ჯეჯელავა საზოგადოებასთან ურთიერთობას და ახალგაზრდობის პოლიტიკას გაუწევს კოორდინაციას.

"სანდროს მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად, და მინდა წარმატება ვუსურვო. სანდრომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო განათლების სამინისტროში. მოგეხსენებათ, რომ განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება და სანდროსთან ერთად გააკეთებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვის განხორციელებას, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს პოლიტიკა გახდება პროაქტიული, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა ამ მიმართულებით და ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს. ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვს ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად. ისინი დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს და ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულებაც გარკვეულწილად გაძლიერდება ვიცეპრემიერის რანგში ამ ფუნქციის ატანასთან ერთად.

ანუ ჩვენ გვეყოლება სამი ვიცეპრემიერი. დიმიტრი არის პირველი ვიცეპრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახის აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცეპრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით, და სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები