მარჯვენასაჭიანი მანქანები

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი აღარ აიკრძალება

მარჯვენა საჭიანი ავტომობილი
pinterest.com

კანონმდებლობის მეშვეობით მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა აღარ იგეგმება, ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. ხუციშვილის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო აღარაა, რადგანაც ამ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდა ისედაც იწვევს იმპორტის შემცირებას.

"დეკემბერში პარლამენტმა მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და ის რისკი, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენასაჭიანებთან მიმართებაში და გაუთანაბრდებოდა მათ, შემცირდა. შესაბამისად, მკაცრ მიდგომას აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება“, - რუსთავის 2-ის ეთერში თქვა ხუციშვილმა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შესახებ ინიციატივა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის 3 დეკემბერს წარადგინა. მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მღებრიშვილს ამ ინიციატივისთვის მადლობაც კი გადაუხადა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის ინიციატივას მხარს გიორგი კვირიკაშვილიც უჭერდა. 2016 წლის 15 იანვარს პრემიერმა განაცხადა - "მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება", თუმცა, როგორც 2017 წელს ირკვევა, მთავრობამ ამ მიმართულებით პოზიცია შეიცვალა.

2016 წლის დეკემბერში საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც ავტოიმპორტის დროს განბაჟება გაძვირდა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის კი განბაჟების საფასური გასამმაგდა.

კომენტარები