გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე იაკობი მამალაძესთან შეხვედრაზე: ვისთანაც არის ახლოს, იმას გაესაუბროს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, არასერიოზულია სასულიერო პირებისგან იმაზე საუბარი, რომ „ვიღაცამ შეიძლება რაღაც არ გააკეთოს". მან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესახებ მოამბესთან ინტერვიუში ისაუბრა.

„საერთოდ, არასერიოზულია სასულიერო პირებისგან იმის საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაც შეიძლება არ გააკეთოს. ადამიანი თუ დაშორდა ღმერთს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს, თუ საშუალება მიეცა. მე ეხლა უშუალოდ მამა გიორგიზე არ ვლაპარაკობ, ღმერთმა დაიფაროს, ციხეშია და არ მინდა მაგ კაცზე საუბარი“, - აცხადებს ქორეპისკოპოსი.

რაც შეეხება გიორგი მამალაძის თხოვნას სასულიერო პირებთან შეხვედრის შესახებ, რომლებიც საქმის დეტალებზე საუბრის კურთხევას მისცემენ, მეუფე იაკობი ამბობს, რომ მამალაძე იმას გაესაუბროს, "ვისთანაც არის ახლოს".

„არ ვიცი რა, ახლა იმას გონებაში რა აქვს, ძალიან მძიმე ბრალდებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, არ გავესაუბრები მაგას, ვისთანაც არის ახლოს, იმან გაესაუბროს“, - ამბობს მეუფე იაკობი.

ჟურნალისტის კითხვას, ვისთან არის ახლოს მამალაძე, ქორეპისკოპოსი პასუხობს:

„თვითონ იცის და ყველამ იცის“.

გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამბობს, რომ საპატრიარქოში შიდა აუდიტს თვითონ აკეთებდა და დეკანოზი გიორგი მამალაძე „იბრალებს“.

„არ მინდა ახლა, რამე ვილაპარაკო იმაზე, დაჭერილი ადამიანია. ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შეტკიოდა გული. მამალაძეს ვგულისხმობ და მაგის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე გუშინ. ვიცნობ მაგ ადამიანს და პირველად მოვისმინე, კეთილსინდისიერიაო რომ თქვეს. შიდა აუდიტს მე ვაკეთებდი, მამალაძე იბრალებს. არაფერი პრობლემა არ იყო მაგაში, რომ გვცოდნოდა სად როგორ მიმდინარეობს და რა შეიძლებოდა უკეთესად გაგვეკეთებინა. ფინანსებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის საპატრიარქოში. უბრალოდ უნდა გვენახა, საქმეს გავცნობოდით, უკეთესად როგორ წარგვემართა“, - აცხადებს ქორეპისკოპოსი.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. გარდა ამისა, დეკანოზი სახალხო დამცველთან საუბარში ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მაღალ სასულიერო იერარქზე საუბარი საერთოდ არ არის. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა.

საქმეზე განცხადება გააკეთა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემაც. მისი თქმით, დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ბრალად არა პატრიარქის ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა ედება. ადვოკატის კომენტარი ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. მამუკა ნოზაძე მამალაძის ადვოკატი არ არის, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, მან ინფორმაცია სანდო წყაროსგან მოიპოვა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 13 თებერვალს გაავრცელა წერილი, რომელიც, კონფიდენციალური წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება.

მამალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით წმიდა სინოდს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მამა გიორგი კონკრეტულად გუშინ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, რადგან მის შინაარსს არ გასცნობია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული წერილი შესაძლოა ნამდვილად დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდეს, რადგან იქ მოყვანილი საკითხებთან მას ნამდვილად ჰქონდა შეხება. თუმცა, ბოტკოველის თქმით, ბევრი საკითხი დრამატიზებულია და ამ თემების პატრიარქისთვის ამ ფორმით მიწოდება არასწორია, რადგან მამალაძეს ჰქონდა ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "აღკვეთილია ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". ვიცეპრემიერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფოს წინაშე". 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციას უხეშად არღვევენ. HRIDC შეშფოთებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

კომენტარები