რუსთავი 2-ის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილზე, რომელიც საპატრიარქოში სავარაუდოდ არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება, მეუფე იაკობი კომენტარს აკეთებს. წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს წერს, რომ საპატრიარქოს კლინიკას 5 მილიონი დავალიანება აქვს, რომელიც არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემითაა დაგროვებული და საფინანსო საბჭოს თავმჯდომარე ქორეპისკოპოსი იაკობი კატეგორიულად მოითხოვდა, საკითხი არ გახმაურებულიყო.
"ეგ არის ვიღაცის ჩვეულებრივი ზღაპრები, რა კომენტარი გავაკეთო, ვერ გავიგე. წერილი ვინც გამოაქვეყნა, იმას თუ ჰქონდა [გაფლანგვა], იმას უნდა ჰკითხოთ, მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ, თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაც მეუფე, თუნდაც, ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია", - თქვა მეუფე იაკობმა გერმანიაში, საავადმყოფოში ყოფნისას.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა წერილი, რომელიც, წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.





