საკონსტიტუციო სასამართლო

კობახიძე: პოლიტიკური კავშირები უკვე წარსულია

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, რომ "ყოველგვარი წარსული პოლიტიკური კავშირები ეს არის უკვე წარსული". მისი თქმით, ეს "გათავისებული და გააზრებული" აქვს. კობახიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი რომელიმე გადაწყვეტილება რაიმე ტიპის პერსონალური ან გარკვეული წინასწარი განწყობებით ვერ იქნება ნაკარნახევი.

"გადაწყვეტილებები ჩემი მხრიდან იქნება განპირობებული და მიღებული მხოლოდ კონსტიტუციის პრინციპებიდან, კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე, ამისთვის რომ არ ვყოფილიყავი მზად, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი" - თქვა კობახიძემ.

101 მომხრე, 10 წინააღმდეგი - პარლამენტმა ქართული ოცნების დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დღეს აირჩია. ამავე დადგენილებით, მანანა კობახიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება 2016 წლის სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტური იყო ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინა და დაემტკიცებინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მანანა კობახიძის არჩევა აზიანებს საკონსტუტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრების აზრით, მანანა კობახიძე "პოლიტიკური ერთგულების" გარდა, არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების თქმით კი, მანანა კობახიძის არჩევა სასამართლო სისტემის სრულ უზურპაციას ნიშნავს.

კომენტარები