ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

პრეზიდენტი: ე.წ. პლებისციტი ოკუპირებულ რეგიონში მორიგი ნაბიჯია ანექსიისკენ

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმთან და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობა და მორიგი ნაბიჯია ანექსიისკენ.

"პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გვევლინება რუსეთის ფედერაცია.

ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსიისაკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება. ე.წ. რეფერენდუმი 9 აპრილს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება. ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია ერქვას?"

ე.წ. რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები