საზოგადოებრივი მაუწყებელი

გოგელია: რაღაც პროდუქტი შეჩერდეს, გადაკეთდეს, ახალი გაიხსნას, ნორმალური პროცესია

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ყველა გადაცემა ფუნქციონირებას აგრძელებს. ამის შესახებ გოგელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა გადაცემა დაიხურება, რა გადაცემა გაიხსნება, დღეს ამაზე მსჯელობა ნაადრევია. არცერთი გადაცემა არ იხურება, არც შეჩერებაზეა საუბარი. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ყველა გადაცემა ფუნქციონირებას აგრძელებს. თუ გადაწყვეტილება მიიღება, როგორიც მიიღება, ვნახავთ. ის, რომ ზოგადად, ნებისმიერ ორგანიზაციაში რაღაც პროდუქტი შეჩერდეს, გადაკეთდეს, ახალი გაიხსნას, ნორმალური პროცესია“, - განაცხადა გოგელიამ და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უახლოეს დღეებში საჯარო სხდომას მოიწვევს, სადაც ვასილ მაღლაფერიძის გაცხადებულ ტელევიზიის განვითარების ხედვას განიხილავენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა დღეს წარმოადგინა. მისი გეგმით, მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა, შეჩერდება. მისივე შეთავაზებით, მოხდება თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია. 

სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრის ირინა ფუტკარაძის განცხადებით, ფაქტი, რომ დირექტორმა ხედვა წარადგინა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხედვა გაზიარებული იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ქეთევან მსხილაძე კი, გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ ხედვას "ყველაზე რადიკალურ ვარიანტს" უწოდებს. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრებს ბევრი კითხვა აქვთ.

"თქვენზე მეტი კითხვა გვაქვს. ის ციფრები, მონაცემები, რაც ამ პრეზენტაციაშია წარმოდგენილი, მოვისმინეთ, მაგრამ გვაინტერესებს, ამის უკან რა დგას. გვინდა დეტალები გავარკვიოთ. თუ მაინცდამაინც შეფასება გინდათ, მე შევაფასებდი, როგორც რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს. კარგია, ცუდია, საჭიროა, არ არის საჭირო, ეს უკვე შემდეგი მსჯელობის საკითხია", - ამბობს მსხილაძე.

კომენტარები