მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი: მთავრობის პოლიტიკა აჩერებს ეკონომიკურ ზრდას და აღრმავებს კრიზისს

ტაბულა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა აჩერებს ეკონომიკურ ზრდას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი აბესაძე საქსტატის მიერ ინფლაციის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას ეხმაურებიან.

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მთავრობამ გაზარდა გადასახადები, აქციზი და, შესაბამისად, გაძვირდა ბენზინი, დიზელი, გაზი. ამ ნაბიჯმა დააჩქარა ფასების ზრდა ფართო მოხმარების საგნებზე, როგორიცაა პროდუქტი, მედიკამენტი, რაც ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე, ასევე გაძვირდა ტრანსპორტი. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა აჩერებს ეკონომიკურ ზრდას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს. დაბალი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო აუარესებს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და ზრდის უმუშევრობას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაც ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია", - აცხადებენ დეპუტატები.

მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მოქალაქეების კეთილდღეობა შემცირდა და ეს "ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია".

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2.9% შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5%-ით.

კომენტარები