გაზპრომთან მოლაპარაკებები

რატიანი გაზპრომზე: უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომ ვნახოთ, რა ზიანი მიადგა ქვეყანას

ტაბულა

საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე სერგო რატიანი რუსულ ენერგოგიგანტ გაზპრომთან ხელშეკრულების ახალ პირობებს ბუნდოვანს უწოდებს.

"ვერავინ არკვევს, ვინ გააფორმა "გაზპრომთან" ხელშეკრულება და რა არის მასში ჩადებული. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელიც ნახავს, ვინ გააფორმა აღნიშნული ხელშეკრულება და გაირკვევა, რამხელა ზიანი მიადგა ქვეყანას. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ რა მასშტაბით, არავინ იცის. საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შექმნის შემდეგ გვექნება საშუალება, ვნახოთ რა ხდება ამ მიმართულებით", - თქვა რატიანმა.

სერგო რატიანი გაზპრომის თემაზე უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობას არ ენდობა და, შესაბამისად, არც ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს. "პარლამენტის წევრებს ნდობის მანდატს მოსახლეობა აძლევს და არა გია ჟორჟოლიანი ან უმრავლესობის სხვა რომელიმე წევრი, შესაბამისად, პარლამენტის ვალდებულებაა, ხელისუფლების ნებისმიერ მოქმედებას და გადაწყვეტილებას ზედამხედველობა გაუწიოს", - თქვა რატიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები და აქციებში მონაწილე მოქალაქეები გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას ითხოვდნენ, მთავრობამ ამაზე მაინც უარი თქვა.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიჰყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.2 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები