სასამართლო რეფორმა

წულუკიანი: ადვოკატებს კლიენტზე ძალადობის შეტყობინების ვალდებულება უჩნდებათ

თეა წულუკიანი
ტაბულა

საკანონმდებლო პაკეტით, რომლის პარლამენტში ინიცირებასაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, ადვოკატები და ექიმები კონფიდენციალურობის დაცვის უფლებისგან თავისუფლდებიან, თუკი შეამჩნევენ, რომ პაციენტი/კლიენტი ძალადობის მსხვერპლია. ამ შემთხვევაში ადვოკატის ან ექიმის მიერ პოლიციისთვის შეტყობინება კონფიდენციალურობის დარღვევად არ ჩაითვლება.

წულუკიანის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. წულუკიანის თქმით, მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

ადვოკატები:

წულუკიანმა ტაბულას კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ახალი კანონმდებლობა კლიენტსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალური ურთიერთობის შეზღუდვას, განაცხადა, რომ სავარაუდოდ არცერთი ადვოკატი ქვეყანაში სტამბოლის კონვენციის დანერგვის მოწინააღმდეგე არ იქნება. 

"მე არ მეგულება არცერთი გონიერი ადამიანი, რომელიც სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას დაუპირისპირდება, რადგანაც ეს პაკეტი მათ ათავისუფლებს კონფიდენციალობის ვალდებულებისგან, თუკი ისინი ხედავენ, რომ მათთან მისული კლიენტი ნაცემია. რამდენჯერაც შენს კლიენტს ხედავ და იმდენჯერ არის ნაცემი და მძიმე მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, როგორც უფლებადამცველი, უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რომ თავისუფლდება კონფიდენციალურობის მოთხოვნებისგან და მას ექნება ვალდებულება, დაიცვას ყველა მსხვერპლის ინტერესი, იმისდა მიუხედავად, ეს ქალი იქნება თუ მამაკაცი", - ამბობს წულუკიანი.

ექიმები:

"იმ პროფესიის ადამიანს, ვისაც კონფიდენციალობის დაცვა ევალებათ, ვუკეთებთ გამონაკლისს და ვამბობთ, რომ ამ პროფესიის ადამიანებს, ექიმს, მაგალითად, რომელიც შეამჩნევს, რომ პაციენტი მაგალითად არის ძალადობის მსხვერპლი, მას ექნება შესაძლებლობა, აცნობოს ამის შესახებ სამართალდამცველებს ისე, რომ არ ჩაითვლება, რომ მან დაარღვია ექიმის სამედიცინო საიდუმლოება", - ამბობს წულუკიანი. 

პედაგოგები:

"ამ პროექტების დამტკიცების შემდეგ პედაგოგებს გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ სკოლის დირექტორის მიერ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ პირს აცნობოს, როდესაც ის ნახავს, რომ მის წინაშეა ბავშვი ან მშობელი, რომელიც ატარებს ძალადობის ნიშნებს. დღეს პედაგოგს არ აქვს ეს ვალდებულება და მე ცალსახად მიხარია, რომ განათლების სამინისტრომ ამას მხარი დაუჭირა. გვქონია შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვი მოდის ნაცემი, მაგრამ მას არ აქვს ვალდებულება, რომ მიმართოს პოლიციას, შესაბამისად, ზოგიერთი პედაგოგი ატყობინებს პოლიციას, ზოგიერთი - არა. შეტყობინება იქნება ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნება დანაშაულის დაფარვასთან", - ამბობს წულუკიანი.

კომენტარები