საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ავსტრია-გერმანიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი მეუფე სერაფიმეს უპირისპირდება

მიტროპოლიტი სერაფიმე
ლელა მუხურაძე / facebook.com/groups/borjomi.bakuriani/

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, სერაფიმე ჯოჯუას გერმანიისა და ავსტრიის მმართველ ეპისკოპოსად გადაყვანას, ამავე ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი აპროტესტებს. განცხადება სამმა მღვდელმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ დაექვემდებარონ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტს.

"გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  1. დეკანოზი თამაზ ლომიძე - ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი
  2. არქიმანდრიტი ისე გელაშვილი - ქ. დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის და ოსნაბრუკის სამრევლოების წინამძღვარი
  3. არქიმანდრიტი იოანე სილაგაძე - ქ. ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგის და ზაარბრიუკენის სამრევლოების წინამძღვარი.

გასული წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ეპარქიის მრევლს, ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ამბიონიდან განუცხადა. ქორეპისკოპოსმა თეოდორემ, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა ეპარქიას, განმარტებები არ გააკეთა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ კათედრის დატოვების მიზეზები არ გამოეძიებინათ.

"თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და წავიდა ეპარქიიდან, ძალიან რთულია, რაიმე გითხრათ და რაიმეთი განუგეშოთ. ერთ რამეს გეტყვით - ღვთის ნება არის ყველაფერი, ღვთის ნების გარეშე ამ ქვეყნად არ ხდება არაფერი. თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო გადაწყვეტილება და მან სთხოვა უწმიდესს, ეპარქიიდან ყოფილიყო გათავისუფლებული, ეს ღვთის ნების გარეშე არ მოხდებოდა, ღმერთმა დაუშვა ეს. რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ღმერთმა იცის. ფაქტია, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს, პირადად ჩემი ბრალი იყო, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალიც.

ალბათ, ყურადღება ვერ მივაქციეთ, ვერ გამოვიჩინეთ გულისხმიერება, როცა ეს სჭირდებოდა. ამით ცხოვრება არ მთავრდება, ღვთის განგება ძალიან ღრმა და რთულია. ჩვენ არ ვიცით, თუ რას გვიმზადებს ღვთის განგება ხვალ. არ უნდა გავიშვიროთ თითი ვინმესკენ და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაც იყო ამაში დამნაშავე. არც თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ თითი. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ის მარცვალი, რამაც ხელი შეუწყო ამ ფაქტს. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას, თუ რამ გამოიწვია ეს. ღვთის განგებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით. მაგრამ ხვალ, ზეგ, მაზეგ მიზეზები თავისთავად გაცხადდება. მეუფე სერაფიმეს ღმერთი ეპარქიისთვის გაკეთებულ საქმეებს აუცილებლად დაუფასებს და ჩვენც პირველ რიგში, მას ღვაწლი უნდა დავუფასოთ. არ შეიძლება, ადამიანი ღვთის ნების წინააღმდეგ იყოს მებრძოლი, ამიტომ უნდა გადავიტანოთ ეს განსაცდელი", - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი სერაფიმე გათავისუფლების შემდეგ ათონის მთაზე წავიდა. სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში შეკრებილ მრევლს, მეუფე სერაფიმემ განუცხადა, რომ "ჩემი სურვილია დავრჩე ათონის მთაზე, ერთი რამ მინდა განგიცხადოთ, შინაურულად, მე რომ ცოცხალი ვარ, მადლობა შესწირეთ უწმიდესს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც ვიცოდი ბავშვობიდან, რომ ჩვენი უწმიდესი არის ცოცხალი წმინდანი", - თქვა მეუფე სერაფიმემ. 

მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ათონის მთაზე დარჩენა სურს, მეუფე სერაფიმეს ხშირად ხედავდნენ საპატრიარქოშიც, თუმცა, ის არ ჩადიოდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში.

ყველასთვის მოულოდნელად, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოს ლაზარე სამადბეგიშვილს ჩაბარდა - აღნიშნული გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ოქმში ნახსენები არ იყო. ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მეუფე სერაფიმე მეუფე ლაზარეს ყოფილ ეპარქიას უხელმძღვანელებდა. 

ტაბულასთვის ცნობილია მიტროპოლიტ სერაფიმეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან წასვლის გარემოებები, თუმცა, ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, გამოცემა ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას. 

კომენტარები