გიგი უგულავას საქმე

სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, რომ გიგი უგულავა დღესვე გათავისუფლდება

გიგი უგულავა სასამართლოში, 2015 წლის 18 სექტემბერი.
ტაბულა

გიგი უგულავას დღეს, პროცედურების დასრულებისთანავე გაათავისუფლებენ - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილსერვისის ეპიზოდის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით და სასჯელმა 1 წელი და 9 თვე შეადგინა.

თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თბილისის ყოფილ მერს, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა მიმდინარე წლის 4 იანვარს დაასრულა.

ყოფილი მერი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია და ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. გიგი უგულავას მხარდამჭერები ციხესთან არიან შეკრებილები და მის გათავისუფლებას ელოდებიან.

"თბილსერვის ჯგუფის" საქმე ყოფილი მერის მიმართ წარდგენილი 4 ბრალდებიდან ერთადერთია, რომელზეც მის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანა.

უგულავა საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 სექტემბერს გაამტყუვნა. მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.

განაჩენამდე ბოლო სასამართლო პროცესი 4 იანვარს გაიმართა, რომელსაც გიგი უგულავაც ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები