საზოგადოებრივი მაუწყებელი

სალაძე: მაღლაფერიძის არჩევა საბჭოს წევრების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ იყო

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კენჭისყრის მეორე ტურში ვასილ მაღლაფერიძეს მხარი სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა, ქეთევან მსხილაძემ და სულხან სალაძემ არ დაუჭირეს. ტაბულასთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ მაღლაფერიძე პოლიტიკურად მოტივირებულია. სალაძისა და მსხილაძის აზრით, მაღლაფერიძის არჩევა იმედის მიერ GDS-ისა და მაესტროს შესყიდვის პროცესის გაგრძელებაა.

"ვასილ მაღლაფერიძეს მხარი არ დავუჭირე იმიტომ, რომ მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მაქვს დიდი კითხვის ნიშანი. მაღლაფერიძე იყო პოლიტიკური მიზნით შექმნილ ტელევიზიებში - მე-9 არხის დირექტორის მოადგილე და GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი, რომელზეც ანგარიშებში წერია, რომ არ იყო ბალანსი დაცული, არც კრიტიკული შეკითხვები ისმებოდა ხელისუფლების მიმართ, იყო ლოიალური და მაამებლური ხელისუფლების მიმართ. ის, რომ სამი პროსახელისუფლებო მედიაკომპანია ერთიანდება, და, პრაქტიკულად, გაერთიანდა; ის, რომ მედიასივრცე პოლარიზებულია; ის, რომ პროოპოზიციურ მსხვილ მედიაკომპანიას ერჩის სასამართლო, რომლის უკანაც, ვფიქრობ, ხელისუფლება დგას - ამ ფონზე მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეენარჩუნებინა ნეიტრალურობა და ობიექტურობა", - ამბობს ქეთევან მსხილაძე.

როგორც მსხილაძემ ტაბულას უთხრა, ის მხარს თინათინ ბერძენიშვილს უჭერდა, თუმცა, მისი აზრით, ნათია კუპრაშვილიც ღირსეული კანდიდატი იყო.

სულხან სალაძე კი ფიქრობს, რომ მაღლაფერიძის არჩევა სამეურვეო საბჭოს წევრების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

"მგონია, რომ სამეურვეო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის იმ პროცესების გაგრძელება, რომელიც დღეს ხდება სატელევიზიო მედიაში, ვგულისხმობ იმედის მიერ GDS-ისა და მაესტროს შესყიდვას. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ბიზნესგარიგებები, ისევე, როგორც არ ვთვლი, რომ მაღლაფერიძის არჩევა სამეურვეო საბჭოს წევრების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო", - უთხრა სულხან სალაძემ ტაბულას.

სალაძის თქმით, მან პირველ ტურში ხმა ნინო ზაუტაშვილს მისცა, ხოლო მეორეში თინათინ ბერძენიშვილს.

ვასილ მაღლაფერიძე 2014 წლიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო, 2012 წელს ასევე ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი მეცხრე არხის დირექტორის მოადგილე იყო, ამავე არხზე მას მიჰყავდა გადაცემა "კონსილიუმი". მაღლაფერიძე იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და გუბერნატორი, აგრეთვე იყო სხვადასხვა ჟურნალისა თუ გაზეთის რედაქტორი.

მაღლაფერიძეს კონკურსის მეორე ტურში სამეურვეო საბჭოს 6 წევრის ხმა ერგო.

კომენტარები