პანკისის ხეობა

პანკისში კულტურის სახლს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს

Newposts.ge

გუშინ ღამით პანკისის ხეობის სოფელ დუისში კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, სადაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისია განთავსებული. სოფელ დუისის საზოგადოებრივი ცენტრის ოფისს ბენზინი ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მიასხეს. ფონდის ხელმძღვანელი, იზა ბექაური, ხანძარს ფონდის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, მას სოციალური ქსელის საშუალებით ემუქრებოდნენ.

„ამ ბოლო დროს, ნოემბრის დასაწყისში, მქონდა რაღაც უსიამოვნებები Facebook-ის საშუალებით, ოღონდ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ ქალთა ძალადობის [წინააღმდეგ გამართულ] აქციას შევუერთდით და ამ ფაქტის დროს იყო რაღაც გაღიზიანება ხალხის. Facebook-ზე იყო მუქარები, რომ „გაეთრიე პანკისიდან“ და „შენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია“ და ა.შ.“, - ამბობს იზა ბექაური.

ხანძრის ლოკალიზება დარაჯმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლეს. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები