ლარის გაუფასურება

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი ისევ გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.6562 ლარი ღირს, რაც გუშინდელ კურსზე 1.21 თეთრით მეტია.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით ორთეთრ-ნახევრით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 2.7821 ლარია. გუშინ კი, ერთი ევროს შეძენა, ოფიციალური კურსით, 2.7596 ლარად შეიძლებოდა.

ლარი გასული კვირის ბოლოდან მყარდებოდა, იქამდე კი, ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა ერთი კვირის წინ ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა. სებ-მა იყიდა $278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით 14.8%-ით გაუფასურდა.

კომენტარები