საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზი დავით ისაკაძე მიიჩნევს, რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში მიდიან

ჰიერონიმუს ბოსხის "ჯოჯოხეთში ჩასვლა"

დეკანოზი დავით ისაკაძე სამღვდელოთა ერთი ნაწილის მიმართ, რომელსაც "შმემანის დაჯგუფებად" მოიხსენიებს, ბრალდებებს აგრძელებს და მათ კვლავ მწვალებლობაში ადანაშაულებს. ისაკაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიის სწავლების მიხედვით, მოუნათლავი ბავშვები (მუცლად მყოფები თუ უკვე დაბადებულები) ჯოჯოხეთში მიდიან და ყველა, ვინც უდანაშაულო ჩვილების ცხონების შესაძლებლობას უშვებს, მწვალებელია.

"შმემანის დაჯგუფების წევრები ამბობენ: "მოუნათლავი ბავშვი რომ არის მოუნათლავი, ეს არ არის ამ ბავშვის ბრალი, რადგან არ არის ამ ბავშვის ბრალი, მე მაგალითად ესეთ ბავშვებს ჯოჯოხეთში ვერ გავუშვებ" - ვინ გეკითხება შენ, ჯოჯოხეთში გაუშვებ თუ არ გაუშვებ?! სად მიდის ამ ადამიანის კადნიერება და ამპარტავნება. ღმერთზე უფრო მოწყალე გამხდარა... ეკლესიის სწავლება ამის შესახებ: უკეთუ ვინმე არ იშვეს წყალისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფევლისა ღმრთისასა", - ამბობს ისაკაძე.

ქადაგებაში ის დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და მის მხარდამჭერ სასულიერო პირებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება.

"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, როგორც სამღვდელო პირებთან ერთად, ასევე ერის ადამიანებთან ერთად - ჩვენ ვთხოვთ ამ ადამიანებს, რომ შეწყვიტონ ცრუ სწავლების გადმოცემა, შეწყვიტონ ადამიანთა ცდომილებაში შეყვანა, დაადგნენ სინანულის გზას, საჯაროდ შეინანონ თავიანთი ცდომილება. თორემ კიდევ ვიმეორებ, რომ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით აღნიშნული სამართლებრივი გადაწყვეტა ამ საკითხისა. ცელესტი და პელეგიოსი მათზე უფრო ნაკითხი იყვნენ, ისინი განიკვეთნენ ეკლესიიდან. ნუ დადგებიან ამ გზაზე, განკვეთის გზაზე, ჩვენ მათი დასჯა არ გვინდა, ჩვენ გვინდა მათი გადარჩენა და მათი თანამოაზრეების ასევე გადარჩენა. ეს არის ჩვენი პოზიცია", - აცხადებს ისაკაძე.

სასულიერო პირი მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა, მათ შორის ტაბულას.

"დაუკვირდნენ ვინ დადგა მათ გვერდზე. დადგა მათ გვერდით ის ძალები, რომელიც ამდენი ხანია მტრობს ეკლესიას. ბოკერია და ჩერგოლეიშვილი, ალბათ დიდი პატივია, ამბიონიდან რომ მათ ვასახელებ, მაგრამ მათი ასე ვთქვათ მანქანა ამუშავდა. ანუ ჩვენი გათვლა იყო სწორი, როდესაც ჩვენ ვამხილეთ ეს ცრუ სწავლება, მთელი მანქანა ამუშავდა, ტელეარხები თუ ინტერნეტარხები, რუსთავი 2 თუ ტაბულა, კავკასია თუ სხვა ინტერნეტსაშუალებები ამუშავდა ჩვენ საწინააღმდეგოდ.

უამრავი ცილისწამება, უამრავი შეურაცხყოფა და ა.შ. ნიაღვარი წამოვიდა ჩვენზე. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რაც უფრო მეტად მაღიზიანებენ, მე პირადად მაქვს ასეთი იმუნიტეტი, კიდევ და კიდევ უფრო მეტი ძალა მემატება და უფრო მეტი სტიმული მეძლევა მათთან ბრძოლის. მინდა შევახსენო, ასევე გვებრძოდნენ ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერები, მათი ერთგული ბოსების სახელმწიფო დეპარტამენტების მეშვეობით, მაგრამ რა მიიღეს? გაქცეული სააკაშვილი და მასთან ერთად წასული გროვა ვაი ქართველებისა, თუ ქართველები არიან საერთოდ და ნარჩენები მათი დარჩენილი. ჯობია დარჩნენ და სინანულში იყვნენ, იქნებ ეკლესიაშიც მოვიდნენ, ნუ გაგვაღიზიანებენ ძალიან, თორემ მათი გზაც ისეთივე იქნება სამწუხაროდ - საქართველოს დატოვება, თორემ ღმერთი რომ დატოვებული ჰყავთ, ეგ დიდი ხანია ცნობილია", - აცხადებს ისაკაძე.

22 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამღვდელო პირებს შორის დაპირისპირება განიხილა, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგაც სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნებული არ არის.

კომენტარები