შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში, 20 წლის ახალგაზრდამ 42 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა. შსს-მ 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავა.
"ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ახლობელს - 1974 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს, მისსავე სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჭრელი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებს შსს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).





