საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზი დავით ისაკაძე ყაჩაღობისა და ქურდობისთვის არის ნასამართლევი

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ, ტაბულამ დაადგინა, რომ დეკანოზი დავით ისაკაძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი - ყაჩაღობისა და მანქანის გატაცებისთვის. ჩვენ ამის დამადასტურებელი სასამართლო გადაწყვეტილებები მოვიპოვეთ.

ტაბულას მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერმა დანაშაულებრივი ცხოვრება არასრულწლოვანების დროს, 1979 წელს დაიწყო. ტაბულას ინფორმაციით, მან პირველი დანაშაული 16 წლის ასაკში ჩაიდინა, როცა თანამზრახველებთან ერთად ვიქტორ ვაკულინის ოჯახი დააყაჩაღა. მაშინ ისაკაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

1983 წელს დავით ისაკაძემ თანამზრახველებთან ერთად მანქანები გაიტაცა - ერთ ღამეში ორი. ისაკაძე გატაცებულ მანქანებს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ტოვებდა. სასამართლოზე მან დანაშაული აღიარა და ამჯერადაც დააპატიმრეს.

ამასთან დაკავშირებით ტაბულა დეკანოზ დავით ისაკაძეს დაუკავშირდა. კითხვის მოსმენის შემდეგ სასულიერო პირმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.

დეკანოზ დავით ისაკაძის სახელს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ასოცირებულ სხვა საერო და სასულიერო პირებთან ერთად, მრავალი ორგანიზებული დანაშაული უკავშირდება. მათ შორისაა 2008 წელს, ერეკლეს ქუჩაზე, ჰელოუინის დღესასწაულზე შეკრებილი ახალგაზრდების დარბევა, 2010 წელს ილიას უნივერსიტეტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დარბევა, ტელეკომპანია კავასიაში შეჭრა (რის შემდეგაც ის კათოლიკოს-პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა), დავით ისაკაძე ასევე მონაწილეობდა, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეების დარბევაში. ისაკაძემ, გასულ კვირას მღვდლებს, თეოდორე გიგნაძესა და ალექსანდრე გალდავას მწვალებლობაში დასდო ბრალი.

კომენტარები