აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ტრამპმა "რუსეთის მეგობრის" ორდენოსანი რექს ტილერსონი სახ. მდივნის პოსტზე წარადგინა

forbes.com

NBCNEWS საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანმდებობაზე ენერგოგიგანტ Exxon Mobil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რექს ტილერსონი წარადგინა. 

ვინ არის "რუსეთის მეგობრის ორდენის" მფლობელი ტილერსონი?

64 წლის ტილერსონი, ენერგოგიგანტ Exxon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 2006 წელს დაინიშნა. სხვა დამსახურებებთან ერთად ტილერსონი 2006 წლიდან რუსეთის მეგობრის ორდენის მფლობელია.

Exxon-ი გასული წლების მანძილზე რუსეთში მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებდა. 2012 წელს კომპანიამ რუსეთში $3.2 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა. 2014 წელს, ტილერსონი კომპანიის ინვესტიციათა დასაცავად რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკელ აღმასრულებელ დირექტორებს შორის ტილერსონს პუტინთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მათი ურთიერთობა, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი რუსეთის სათავეში მოვიდა. 2012 წლის ხელშეკრულებამ ტილერსონს არქტიკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა მისცა.

აღსანიშნავია, რომ ტილერსონი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების დროს მხარს ფლორიდის ყოფილ გუბერნატორ ჯებ ბუშს უჭერდა. ტილერსონმა ჯებ ბუშის კამპანიას თავდაპირველად $2700, შემდეგ კი $5000 შესწირა.

კომენტარები