აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

Exxon-ის პუტინთან დაკავშირებული CEO აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის ერთ-ერთ კანდიდატია

AP

კომპანია Exxon-ის აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის ერთ-ერთი კანდიდატია. ტილერსონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ კვირაში შეხვდება. კომპანიის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

64 წლის ტილერსონი, ნავთობისა და საწვავის კომპანია Exxon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 2006 წელს დაინიშნა.

Exxon-ი ინტერნაციონალური, საკმაოდ წარმატებული კომპანიაა და ტილერსონს მსოფლიოს არაერთ მოქმედ ლიდერთან აქვს ურთიერთობა, მათ შორის ვლადიმირ პუტინთან, რომელთანაც კომპანიას ამ 10 წლის მანძილზე არაერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

2012 წელს კომპანიამ პუტინთან 3.2 მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სავარაუდოდ ინვესტიციების სახით 500 მილიარდს მიაღწევს.

2014 წელს, ტილერსონი რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკელ აღმასრულებელ დირექტორებს შორის ტილერსონს პუტინთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მათი ურთიერთობა, ჯერ კიდევ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი რუსეთის სათავეში მოვიდა. 2012 წლის ხელშეკრულებამ ტილერსონს არქტიკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა მისცა. ამავე წელს პუტინმა ტილერსონი რუსეთის მეგობრობის ორდერით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ ტილერსონი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების დროს მხარს ფლორიდის ყოფილ გუბერნატორ ჯებ ბუშს უჭერდა. ტილერსონმა ჯებ ბუშის კამპანიას თავდაპირველად 2700, შემდეგ კი 5000 დოლარი შესწირა.

დონალდ ტრამპს უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივნობის კიდევ ერთი კანდიდატი, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი. ბოლტონი არჩეულ პრეზიდენტს პარასკევს, Trump Tower-ში შეხვდა.

სახელმწიფო მდივნობის ერთ-ერთ კანდიდატ მიტ რომნის დონალდ ტრამპი გასულ ხუთშაბათს შეხვდა. რომნი 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო.

მათ გარდა, სახელმწიფო მდივნის კანდიდატობის პოსტზე, ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, ამერიკელი სენატორი ბობ კორკერი, საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი და გადამდგარი სენატორი დევიდ პიტრეუსი განიხილებიან.

არჩეული ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, სახელმწიფო მდივნის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება და კანდიდატების სია შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ დემოკრატი სენატორი ჯონ მენჩინი ერთბაშად ორ - სახელმწიფო მდივნისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე განიხილება.

კონსერვატორი, ორპარტიული დემოკრატი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, შემდეგ კი ის ამ თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

აშშ-ის ისტორიაში 500-ზე მეტი შემთხვევიდან, სენატმა მხოლოდ 9-ჯერ არ დაამტკიცა თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული კანდიდატურა. ბოლოს ასეთი შემთხვევა 27 წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც იმ დროინდელმა სენატმა, რომელშიც უმრავლესობა დემოკრატებს ჰქონდათ, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ ბუშის მიერ თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი ჯონ თაუერი არ დაამტკიცა. არსებობს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე არ დამტკიცების მეორე გზაც - თუ წარდგენილი კანდიდატი თავად მოხსნის საკუთარ კანდიდატურას. აშშ-ის ისტორიაში ასეთი შემთხვევებიც იშვიათია, თუმცა უკანასკნელად ასეთი ფაქტი 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბარაკ ობამას მიერ ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის პოსტზე წარდგენილმა ტომ დეშლიმ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი სახელმწიფო მდივნის საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მიიღებს.

 

კომენტარები