გაიმართება თუ არა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა, დეპუტატ სვეტლანა კუდბაზეა ამოკიდებული. მისი მონაწილეობის გარეშე, სხდომაზე კვორუმი არ იქნება. სხდომაზე ვიცესპიკერის არჩევისა და კვოტების გადანაწილების საკითხი განიხილება. თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ფრაქცია ქართული ოცნებიდან გარიცხულმა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ წამოაყენა. ფუტკარაძის მტკიცებით, ქართულ ოცნებას დღეს სხდომის გამართვა მისი კანდიდატურის ჩაგდების მიზნით სურს.
გვიან ღამით სვეტლანა კუდბას სახლში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იმყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ მან მეგობარი მოინახულა და ავადმყოფს წამლები მიუტანა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს დეპუტატი მედეა ვასაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ბერიძე კუდბას გადაბირებას ცდილობდა. ვასაძის განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას კუდბაზე ზეწოლა განხორციელდა, რის შემდეგაც ის თავს შეუძლოდ გრძნობს.
"პრემიერიდან გამოსვლის შემდეგ ის ძალიან ცუდად არის. ახლა მოვიდა ავთანდილ ბერიძე, არ ვიცი, რისთვის, საიმისოდ, რომ აკონტროლოს როგორმე მისი სხდომაზე გაყვანის საკითხი. ეს არის ძალიან მძიმე ზეწოლა. მე მსგავს რამეს არ შევხვედრივარ", - აცხადებს მედეა ვასაძე და აღნიშნავს, რომ სესიაზე კუდბას დასწრებით, კვორუმი შედგება და დეპუტატები ვიცესპიკერის პოსტზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას ჩააგდებენ. ასევე, თავად ჯემალ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამის შემდეგ დავით ბაციკაძეს კვლავ ვიცესპიკერად აირჩევენ, რისთვისაც მას უკვე 7 ხმა ეყოფა.
ინტერპრესნიუსის ცნობით, ჯემალ ფუტკარაძემ მასზე მიმდინარე ზეწოლაზეც ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, პრემიერი მას ვიცესპიკერის პოსტზე კანდიდატურის დაყენებას უკრძალავდა.