კრიმინალი

ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით შემოიტანა და შემდეგ, საქართველოში გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გაყალბებულ კუპიურებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები