საქართველოს მთავრობა

ენმ ვიქტორ დოლიძეზე: ივანიშვილს რეალურ ოპონირებას მხოლოდ ენმ უწევს

ტაბულა

ერთიან ნაციონალური მოძრაობის აზრით, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა ადასტურებს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოპონენტია, არის ენმ.

"ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ - დღეს ამ ქვეყანაში რეალურ ოპონირებას ბიძინა ივანიშვილს და მისგან მართულ პოლიტიკურ პროექტს უწევს ერთადერთი პარტია, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

პარტიის ლიდერების განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ეს პოლიტიკური თამაშები იყო.

"თქვენ ფიქრობთ, რომ ვიქტორ დოლიძე ოპოზიციის წარმომადგენელი გახდა როდესმე? ალბათ დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ეს მთლიანად იყო პოლიტიკური თამაშები, საკუთარი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოტყუება. დანარჩენი შეაფასოს მისმა ამომრჩეველმა", - უთხრა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს.

ვიქტორ დოლიძე, თავისუფალი დემოკრატების სხვა წევრებთან ერთად, ოპოზიციაში მას შემდეგ წავიდა, რაც 2014 წელს, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი დოლიძემ, გია ცაგარეიშვილთან, ზურაბ აბაშიძესთან, ირაკლი ჩიქოვანთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად პარტია დატოვა. თავისუფალი დემოკრატებიდან რამდენიმე დღით ადრე წავიდნენ ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ დოლიძე თავისუფალი დემოკრატების წევრობისას, მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების გამო აკრიტიკებდა. გარდა ამისა, ის აცხადებდა, რომ "ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკურად შეთითხნილია" და "ის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის დაწყებულია".

კომენტარები