საქართველოს მთავრობა

ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატია

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

"ვიქტორ დოლიძე გახლდათ კოალიცია ქართული ოცნების აქტიური წევრი და ის პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის ევროპული და ეროატლანტიკური მიმართულებების გაძლიერებაში. მას აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს", - თქვა კვირიკაშვილმა.

ვიქტორ დოლიძემ თავისუფალი დემოკრატები 12 ოქტომბერს დატოვა. ამის შემდეგ, მედიაში მისი ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილებოდა. დოლიძე ამბობდა, რომ შეთავაზება არ მიუღია, თუმცა, "რეალური ყველაფერი შეიძლება, იყოს". ამასთან, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი, ამჟამად ვიცეპრემიერი გიორგი ვოლსკი უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობდა, რომ "არავითარი ვიქტორ დოლიძის მინისტრობა".

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ დოლიძე თავისუფალი დემოკრატების წევრობისას, მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების გამო აკრიტიკებდა. გარდა ამისა, ის აცხადებდა, რომ "ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკურად შეთითხნილია" და "ის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის დაწყებულია".

კომენტარები