დონალდ ტრამპი

დაპირისპირება გარდამავალ გუნდში; ტრამპი: მხოლოდ მე ვიცი, ფინალისტები ვინ არიან

Reuters

ამერიკული მედია არჩეული პრეზიდენტის გუნდში დაპირისპირებაზე წერს, თავად ტრამპი ამ ცნობებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების პროცესი კარგადაა ორგანიზებული. "მხოლოდ მე ვიცი, ვინ არიან ფინალისტები," - წერს ტრამპი თავის ტვიტერის გვერდზე. არჩეულ პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო კი არსებულ ვითარებას დანებით ბრძოლას ადარებს.

თავდაპირებლად დონალდ ტრამპმა გარდამავალ გუნდს სათავეში ნიუ-ჯერსის  გუბერნატორი კრის ქრისტი ჩაუყენა, თუმცა ის მალევე არჩეული ვიცე-პრეზიდენტით, მაიკ პენსით ჩაანაცვლა. არადა, ქრისტიმ ტრამპს მხარდაჭერა ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როცა რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტი ყველანაირად ცდილობდა ტრამპის წინსვლისთვის ხელი შეეშალა. მედია ამ ცვლილებას ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირებს, რომლის მამაც სწორედ ქრისტის მთავარი პროკურორობისას გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს ნიუ-ჯერსიში.

ქრისტის ჩანაცვლებას მალევე მასთან დაახლოებული პირების ჩამოშორება მოჰყვა. მათმა დიდმა ნაწილმა გავლენა დაკარგა და თანამდებობებსაც ნაკლებად ელიან.

მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებული დაძაბულობა ეროვნული უსაფრთხოების გუნდშია, რომელსაც ბოლო დღეებში გავლენიანი ფიგურები გამოაკლდნენ. ეს ამბავი კი სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს ანერვიულებთ.

გუნდი ყოფილმა კონგრესმენმა და ქრისტისთან დაკავშირებულმა პირმა, მაიკ როჯერსმა დატოვა, არადა ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მომავალ ხელმძღვანელად მოიაზრებოდა.  უსაფრთხოების გუნდიდან წავიდა მეთიუ ფრიდმანიც - მას ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის პროტეჟედ მიიჩნევდნენ. მანაფორტს კი თანამდებობის დატოვება ადრევე მოუწია რუსულ ინტერესებთან და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან კავშირების გამო.

 აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კომენტატორების აზრით, ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ დამოკიდებულება იქნება. კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპი პუტინს ძლიერ ლიდერს უწოდებდა, რომელთანაც თანამშრომლობას გეგმავდა.  არჩეული პრეზიდენტის ეს შეხედულება წინააღმდეგობაში მოდის რეპუბლიკური პარტიის იმ ფლანგთან, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. მათი დიდი ნაწილი პუტინს არ ენდობა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე აკისრებენ პასუხისმგებლობას. რუსეთთან თანამშრომლობას - განსაკუთრებიოთ სირიის საკითხებზე - ეწინააღდეგებიან პენტაგონშიც.

გადატვირთვის პოლიტიკის მორიგი ტალღის თავიდან ასაცილებლად გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მწვავე განცხადება გააკეთა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ უნდობლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"იმ დროს, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ჩვენ იმდენად უნდა ვენდოთ ამ განცხადებას, როგორც სუკ-ის ყოფილი აგენტის სხვა განცხადებებს, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ტირანია დაამყარა, მოკლა პოლიტიკური ოპონენტები, თავს დაესხა მეზობელ ქვეყნებს, დაემუქრა ამერიკის მოკავშირეებს და სცადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა", - ამბობს მაკკეინი.

რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტი, თუ ახლო მოკავშირეეები - რომლისკენ გადაიხრება ტრამპი მაშინ გამოჩნდება, როდესაც არჩეული პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს შეარჩევს. ამ ეტაპზე მისი ფავორიტი დიდი ხნის მოკავშირე, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანია. მეორე კანდიდატად კი ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას გაეროში აშშ-ს ყოფილ ელჩს ჯონ ბოლტონს განიხილავენ.

საგარეო მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვან როლს ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით პრეზიდენტის მრჩეველიც თამაშობს.  ამ პოსტზე მედიაში ტრამპის აქტიურ მხარდამჭერს, გადამდგარ გენერალ მაიკლ ფლინს განიხილავენ. კამპანიის მიმდინარეობისას ფლინი ტრამპის რიტორიკას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით იმეორებდა, რუსეთთან კი დაახლოების მომხრე იყო.

ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგობრივი ბუნება უკვე წარმოაჩინა პირველმა დანიშვნებმა - მან თეთრი სახლის მთავარ სტრატეგად და უფროს მრჩევლად, წინასაარჩევნო კამპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სტივ ბენონი დაასახელა. თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად კი, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რეინს პრიბუსი დანიშნა.

რეინს პრიბუსი პარტიის ისტებლიშმენთს წარმოადგენს, ბენონი კი წინააღმდეგობრივი ფიგურაა, პოპულისტურ-ნაციონალისტურ პლატფორმაზე და მის დანიშვნას დიდი კრიტიკა მოჰყვა.

 

კომენტარები