ნარკოპოლიტიკა

ჩუგოშვილი: ჩვენი დაპირებაა, რომ მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების წევრის თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენს საარჩევნო საპროგრამო დოკუმენტში არის ჩანაწერი, ამიტომ პარტიის ოფიციალური პოზიციაა, რომ ზოგადად ნარკომომხმარებლების და ნარკოპოლიტიკის კუთხით, მოხდეს პოლიტიკის ლიბერალიზაცია". მომავალმა ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ ეს დაპირება უკვე გაცემულია. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია შეიძლება, მოიცავდეს დეკრიმინალიზაციასაც.

"ლიბერალიზაცია არ გულისხმობს დეკრიმინალიზაციას, ამ ტერმინებს შორის სხვაობაა, თუმცა შეიძლება, მოიცავდეს, თუ ის გაფართოვდა და გადაწვდეს ამ თემასაც. ლიბერალიზაცია დაგეგმილია. ასევე, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდეს არა რეპრესიებზე ნარკომომხმარებლების მიმართ, არამედ ჯანდაცვაზე, პრევენციაზე და ადამიანების ციხეში ჩასმის ნაცვლად, მეტი ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ ნაკლები ნარკომომხმარებელი იყოს ქვეყანაში, ანუ ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაზე", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ნარკოპოლიტიკაზე განხილვები პარლამენტშიც იქნება და მაშინ გამოიკვეთება, როგორ პოლიტიკას გაატარებს საკანონმდებლო ორგანო, იქამდე კი, პარტიის სახელით ოფიციალური განცხადების გაკეთება ნაადრევია.

"რაც შეეხება იმას, მივალთ თუ არა დეკრიმინალიზაციამდე, თქვენ იცით, რომ როგორც ქვეყნის, ასევე პარტიის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა, სამუშაო პროცესი, როდესაც უკვე კანონმდებლობის განხილვის ეტაპზე მივალთ, მაშინ გამოიკვეთება, მაგალითად, მივალთ საპატიმრო სასჯელის ან გაუქმებით, ზოგადად სისხლის სამართლის სანქციების შემსუბუქებით თუ დეკრიმინალიზაციით. ჯერჯერობით ჩვენი მხრიდან, პარტიის სახელით ოფიციალური განცხადებების გაკეთება დეკრიმინალიზაციაზე ნაადრევი იქნება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა ნორმა, რომელიც ნარკომომხმარებლებისთვის საპატიმრო სასჯელის დაკისრებას უკავშირდება, ამიტომ პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს, ამ საკითხზე იმსჯელოს. ჩვენი სურვილია, როგორც უკვე ვთქვი, რეპრესიული პოლიტიკის ნაცვლად, სხვა სისტემისკენ გადავინაცვლოთ, რომელიც უფრო ლიბერალური და უფრო მეტად პრევენციასა და ჯანმრთელობის დაცვაზე აკეთებს აქცენტს".

ცნობისთვის, ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი ხელისუფლებისგან მოითხოვს, ახალ წლამდე მარიხუანისა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება და კულტივირება/შენახვა პირადი მოხმარებისთვის ლეგალიზებული გახდეს. ზურა ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გირჩის ოფისში 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 წუთზე მარიხუანას დარგავენ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის განმეორებით მოხმარების გამო სასჯელად თავისუფლების აღკვეთა გააუქმა. კერძოდ, არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა ამავე ბრალდებით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ.

კომენტარები