ლარის გაუფასურება

ჭიაბერაშვილი: პრემიერი ხადურის უტიფარი ტყუილების გზას დაადგა

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის "უტიფარი ტყუილების გზას" დაადგა. ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პრემიერის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„კვირიკაშვილი არც ადრე გამოირჩეოდა სიმართლის თქმით, მაგრამ ახლა იგი ხადურის უტიფარი ტყუილების გზას დაადგა. თუ მისსავე მოყვანილ მაგალითს ავიღებთ, რომ თითქოს იმპორტი გაზრდილია, ესეც არის აბსოლუტური ტყუილი. თუ C ჰეპატიტის პროგრამით ამერიკის მიერ ნაჩუქარ წამლებს გამოვაკლებთ, მაშინ ვნახავთ, რომ ჩვენი მსყიდველობითუნარიანობა დაქვეითებულია და მოვიხმართ უფრო ნაკლებს, ვიდრე მოვიხმარდით თუნდაც გასულ წელს. ეს ხდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ვღარიბდებით", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს. მისი თქმით, "დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად".

კომენტარები