ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.8 თეთრით, ევროსთან კი 2.05 თეთრით გაუფასურდა

www.zonanews.ge

ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 0.8 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.4546 ლარია. ევროსთან მიმართებით კი, ლარი 2.05 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.7236 ლარი ღირს.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორები გაუმჯობესებულია, რის გამოც მთავრობა ლარის შემდგომ გაუფასურებას არ ელოდება.

"მინდა, დარწმუნებით ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა, პირიქით, გაუმჯობესებულია. მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს - დეკემბერში ჩაირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება", - ამბობს ხადური.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.

კომენტარები