თბილისის საკრებულო

ოპოზიცია თბილისის ბიუჯეტის კორექტირებას ეწინააღმდეგება

timer.ge

თბილისის საკრებულოში ამ წუთებში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა იწყება. ქართული ოცნება 14 მილიონი ლარის კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია არ ემხრობა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის გადახარჯვაში ადანაშაულებენ.

"შემცირებულია საგზაო-ინფრასტრუქტურის ღონისძიებები დაახლოებით ერთი მილიონი ლარით, შემცირებულია ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაცია დაახლოებით 3 მილიონი ლარით, მათ შორის ავარიული კორპუსების დაფინანსება შემცირებულია 660 ათასი ლარით, მცირდება ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა დაახლოებით მილიონ 400 ათასი ლარით, ასევე მცირდება კომუნალური სუბსიდირების დაფინანსება 5 მილიონ 800 ათასი ლარით. ისინი ზრდიან ერთჯერადი დახმარებების მუხლს, სოციალური მიმართულებით მხოლოდ იმის გამო, რომ 12 თვეში დასახარჯი თანხა მათ, ფაქტობრივად, აითვისეს 9 თვეში", - ამბობს ნადირაძე. ხოლო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ "თანხა მნიშვნელოვან პროექტებს აკლდება", რის გამოც ის ბიუჯეტის კორექტირებას მხარს არ დაუჭერს.

უმრავლესობის დეპუტატი ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ბიუჯეტის კორექტირება, ძირითადად, ახალი საბავშვო ბარების გახსნას უკავშირდება.

"ბიუჯეტის ცვლილებების დიდი ნაწილი, დაახლოებით 60% ეხება ბაგა-ბაღებში გარკვეული თანხის მომატებას. ეს არის თითქმის 8,5 მილიონი ლარი 14-მილიონიან ცვლილებაში. იმიტომ, რომ გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღები, ახალი სასწავლო ჯგუფები და დაემატა ბავშვების კონტინგენტი. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ყოველთვის იყო თანმდევი ამ პროცესისა. წლის ბოლოა და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამგეობებმა ის რესურსი რაც იყო გამოყოფილი, ასე ვთქვათ, ამოწურეს".

 

კომენტარები