სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ - თავისუფლების მოედანი

პარტია თავისუფლების მოედანი ნიკოლ ფაშინიანსა და სომეხ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 

"სომეხ ხალხს და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ. არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მოქალაქეების ერთგულება დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლის მიმართ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა და ზეწოლისა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი რეგიონი დგას.

საქართველოსა და სომხეთს ისტორიული მეგობრობა, საერთო გამოცდილება და ევროპული მისწრაფებები აკავშირებს. ორივე ქვეყანამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შენება მუდმივ ძალისხმევასა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას მოითხოვს.

გვჯერა, რომ ჩვენი რეგიონის მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარება თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებზე უნდა აშენდეს. ძლიერი, წარმატებული და დემოკრატიული სომხეთი არა მხოლოდ სომეხი ხალხის, არამედ მთელი რეგიონის ინტერესებშია. ამ გზაზე სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ". - წერია პარტიის განცხადებაში.

წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი. 

ხმების 9.9%-ით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ხოლო პროკრემლისტური პარტია "აყვავებული სომხეთი," სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის გადალახვას ახერხებს, ხმათა 4%-ით.

კომენტარები