საქართველოს რკინიგზა

პროფკავშირი: ზვარეში, მუშებს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს

პროფკავშირი

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე მუშას მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს. მათი ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 5 მუშა და 2 ადგილობრივი მცხოვრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა, უწყება დეტალებზე არ საუბრობს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მტკიცებით, გუშინ, გვიან ღამით, შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ზვარეს ობიექტის ადმინისტრაციამ, ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს არმატურებით სცემა. მათი ცნობით, "ენის ბარიერისა და კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ გლეხებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში".

"ინციდენტს ადგილზე შეესწრო ზვარეს ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს, თუმცა კომპანიის ათობით წარმომადგენლებმა არც ადგილობრივი დასაქმებულები დაინდეს და უმოწყალოდ სცემეს. მუშებმა პოლიცია მაშინვე გამოიძახეს. სიტუაცია დროებით განიმუხტა. ხუთი დაზარალებული კი ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დილით, სამუშაო სმენის დაწყებამდე, დასაქმებულები სიტუაციაში გარკვევას ითხოვდნენ, როცა მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს და სხვადასხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, დასაქმებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუშებმა თავს გაქცევით უშველეს. დასაქმებულების მხრიდან, დილის ინციდენტში დაშავდა კიდევ ორი მუშა, რომლებიც ასევე გადაიყვანეს საავადმყოფოში", - აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და აღნიშნავს, რომ ზვარეში სარკინიგზო ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია. 

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ადგილზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოება. 

ტაბულა დაუკავშირდა შპს ჩინეთის რკინიგზას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები