საარჩევნო ინციდენტი

მრავალეროვანი საქართველო: მარნეულში კომისიის წევრები თავს დაუცველად გრძნობენ

რუსთავი 2

მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები და დამკვირვებლები დაუცველად გრძნობენ თავს და ითხოვენ დაუყოვნებელი დახმარების გაწევას უსაფრთხოების მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას "მრავალეროვანი საქართველო" ავრცელებს.

"მრავალეროვანი საქართველოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დღის მეორე ნახევრიდან დაიძაბა - ერთმანეთს ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოწოდების მიუხედავად, არც ერთი პარტიის წარმომადგენლები წესრიგს არ იცავდნენ, რის გამოც თავჯდომარემ პატრული გამოიძახა.

"კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები: # 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე (სოფელი ყიზილაჯლო) დღის მეორე ნახევრიდან სიტუაცია დაიძაბა. ვითარება დაიძაბა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმდენად რამდენადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, ორივე პარტიის წარმომადგენლები არ იცავდნენ წესრიგს, რის გამოც თავმჯდომარემ გამოიძახა პატრული", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სიტუაცია უარესად გამწვავდა და დაპირისპირება საარჩევნო უბნის შიგნით გადავიდა. "მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები. მათი ინფორმაციით, სიტუაცია ამ დროისთვის კიდევ უფრო დაძაბულია, უბანზე კომისიის წევრები და დამკვირვებლები დაუცველად გრძნობენ თავს და ითხოვენ დაუყოვნებელი დახმარების გაწევას უსაფრთხოების მიზნით.

"მიუხედავად აღნიშნულისა, ვითარება არა თუ ჩაცხრა, უფრო დაიძაბა და დაპირისპირება გადავიდა საარჩევნო უბნის შიგნით. სიტუაცია უმართავი გახდა; ჩამსხვრეულია მინები, ადგილზე მისულია საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიუხედავად აღნიშნულისა, ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებელი არ ტოვებს საარჩევნო უბანს და აგრძელებს დაკვირვებას. აღნიშნული ფაქტის თაობაზე „მრავალეროვანმა საქართველომ“ ინფორმაცია მიაწოდა ცესკო-ს და რეკომენდაციით მიმართა, რათა დამატებითი ძალისხმევა გაეღო ვითარების განსამუხტავად. არსებული დროისთვის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, კერძოდ უბანზე კომისიის წევრები და დამკვირვებლები დაუცველად გრძნობენ თავს და ითხოვენ დაუყოვნებელი დახმარების გაწევას უსაფრთხობების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში საარჩევნო ინციდენტთან დაკავშირებით სპეცრაზმია მობილიზებული.

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეთა ჯგუფები საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა.

კომენტარები